Mar 19, 2011
"El laberinto del fauno " (ფაუნის ლაბირინთი)
გილიერმო დელ ტოროს საუკეთესო ნამუშევრის გარჩევის მცდელობა...
ეს ფილმი აღმოჩენა იყო ჩემთვის, თავის დროზე... ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ფილმია, რაც კი ოდესმე მინახავს, მაგრამ არაჩვეულებრივი კოსტიუმების, გრიმის და ესთეტიკური სილამაზის გარდა, ფილმი გამოირჩევა ღრმა შინაარსით და საოცარი პარალელებით...
ვისაც არ გაქვთ ნანახი და გიზიდავთ მისტიკური ელემენტებით გაჯერებული ზღაპრული თავგადასავლები, ეს ფილმი თქვენთვისაა, თუმცა სიტყვა ზღაპარი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს საბავშვო ფილმია... პირიქით... შინაარსობრივად იმდენად ღრმაა, რომ თუ გონება არ დაძაბე, შეიძლება ფილმის საოცარმა სამყარომ ისე გაგიტაცოს, რომ პარალელების გავლება კი არა, შინაარსიც კი გაგექცეს ხელიდან...
მოკლედ, ვისაც ნანახი არ გაქვთ და თვლით რომ ასეთი ტიპის ფილმი თქვენთვის საინტერესოა, აქ შეგიძლიათ შეწყვიტოთ ჩემი პოსტის კითხვა და თქვენი ძალისხმევა ფილმის გადმოწერისკენ მიმართოთ... : ))
ინგლისური ვერსია
რუსული ვერსია (ადრე ინგლისურზე ესპანური იდო, ეს ნამდვილად რუსულია)
This review will definitely contain SPOILERS so BEWARE!!!
ფილმი იწყება შემდეგი სიტყვებით:
დიდი ხნის წინ, მიწისქვეშა სამეფოში, სადაც არ იყო არც ტკივილი, არც ტყილი, ცხოვრობდა პრინცესა, რომელიც ოცნებობდა ადამიანთა სამყაროში მოხვედრაზე. ის ოცნებობდა დაენახა ლურჯი ცა, შეეგრძნო ნაზი სიო და თვალი მოეკრა მზის სხივებისათვის... ერთ დღესაც, პრინცესამ მოახერხა მცველებისაგან თავის დაღწევა და გაიქცა...
ადამიანების სამყაროში მოხვედრისთანავე, მზის სხივებმა დააბრმავა პრინცესა, მათ ამოშალეს ყველა დეტალი მისი მეხსიერებიდან. მას მომენტალურად დაავიწყდა თუ ვინ იყო ან საიდან მოვიდა. მისი სხეული განიცდიდა საოცარ სიცივეს და ტკივილს, საბოლოოდ კი, ის გარდაიცვალა.
მიუხედავად ამისა, პრინცესას მამამ, მისმა უდიდებულესობამ, ყოველთვის იცოდა, რომ პრინცესას სული დაბრუნდებოდა, შეიძლება სხვა სახით, სხვა ადგილას, სხვა დროს... მეფე კი მას დაელოდებოდა, საკუთარ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, სანამ ქვეყანა არ შეწყვეტდა არსებობას...
ფილმის დაწყება, შინაარსით საოცრად ჰგავს ადამიანის დაბადებას... რელიგიურად თუ მივუდგებით, ჩვენ ამ ქვეყნად სწორედ იქიდან მოვდივართ, სადაც არც ტყუილია, არც ტკივილი და არც ხვა ცოდვები...
ხოლო რატომ არ გვახსოვს ის თუ რა ხდებოდა ჩვენს დაბადებამდე მრავალნაირი ახსნა აქვს და ბევრ სხვა ფილმშიცაა ნახსენები...
მაგალითად Mr.Nobody-ში ნახსენებია ის ვერსია, რომ ამაში ანგელოზების ხელი ურევია... კერძოდ კი ისინი ჩვენს ბაგეებზე ხელის დადებით გვავიწყებენ ყველაფერს და ამის მცირედი ნაკვალევიც კი რჩება ჩვენს ტუჩებზე... თუმცა, დაუბრუნდეთ ისევ ფაუნს...
მეფეში და მამაში კი, რაღა თქმა უნდა, უფალი იგულისხმება... რომელმაც ჩვენი მოვლინების შემდეგ, ყოველთვის იცის რომ ჩვენ უკან დავბრუნდებით... შეიძლება სხვა სახით, სხვა ადგილას, სხვა დროს, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდებით...
ამის შემდეგ, ფილმი უბრუნდება რეალურ სამყაროს... სადაც ომია, სადაც არაფრის გულისთვის ადამიანები ხოცავენ ერთმანეთს, ატყუებენ, თვალთმაქცობენ, ღალატობენ... სადაც ბოროტება და შური მეფობს, თუმცა გილიერმო დელ ტორო ამ ყველაფერს ბავშვურ ოცნებებს, ფანტაზიებს და ზღაპრულ სამყაროს უპირისპირებს... ის ნათლად წარმოაჩენს თუ როგორ განსხვავდება ბავშვის უმწიკვლო აზროვნება, უკვე ჩამოყალიბებული ყოფიერებაზე გადართული ადამიანის შეხედულებებისაგან...
ფილმი იმდენად ლამაზად გადადის რეალობიდან ზღაპარში, ზღაპრიდან ისევ რეალობაში, რომ შეუძლებელია თვალის მოწყვეტა... ამ ფილმის ყურებისას შენ ოფელია ხარ, შენ ფაუნი ხარ, შენ თვითონ ფილმში ხარ...
"ფაუნის ლაბირინთი" გაჯერებულია რელიგიური პარალელებით, პრინცესას უკან, თავის სამეფოში დასაბრუნებლად მრავალი დაბრკოლების გადალახვა და მრავალი გამოცდის ჩაბარება უწევს... ყოველ ნაბიჯზე ხვდება ისეთი საცდური, რამაც შეიძლება გზა აუბნიოს და დააკარგვინოს უკან დაბრუნების შანსი... ერთ-ერთი მათ შორის ჩემთვის გამორჩეულად საყვარელი მომენტი არის, როცა ოფელიამ (პრინცესამ) მიძინებულ მონსტრს უნდა მოპაროს დანა, რომელიც სუფრასთან ზის.... სუფრასთან, რომელსაც მართლაც, რომ ჩიტის რძე არ აკლია, თუმცაღა ოფელიას წინასწარ გააფრთხილებს ფაუნი, რომ მას ხელი არ უნდა წაუცდეს და არ უნდა გასინჯოს არცერთი კერძი, რომელიც ზემოთხსენებულ სიფრაზეა გაწყობილი... ეს სცენა კი, აშკარად ბიბლიური აკრძალული ხილის პარალელს იწვევს ჩემში... სწორედაც რომ აკრძალული ნაყოფის გასინჯვის გამო განდევნა უფალმა ადამი და ევა სამოთხიდან ადამიანთა სამყაროში... (ბიბლიის მიხედვით)
ფილმის ბოლოსიტყვაობა კი ასე გამოიყურება:
ნათქვამია, რომ პრინცესა დაბრუნდა მამამისის სამეფოში. რომ მან გააგრძელა სამეფოს მართვა წრფელი გულით და რომ სამეფოში კვლავაც ზეიმობდა სამართლიანობა მისი მრავალსაუკუნოვანი მმართველობის მანძილზე... პრინცესა ძალიან უყვარდათ სამეფოში მცხოვრებთ... და ასევე ნათქვამია, რომ ოფელიამ თავის უკან დატოვა პატარ-პატარა ნაკვალევები ადამიანთა სამყაროში, რომელთაც მხოლოდ ისინი ამჩნევენ, ვინც იციან საით უნდა იყურონ!!!
ბოლოსიტყვაობა კი აშკარად მინიშნებაა იმისკენ, რომ თუ ადამიანი იცხოვრებს სწორად და გადალახავს იმ დაბრკოლებებს, რომლებიც უფალმა განუმზადა, ის კვლავ დაბრუნდება სამოთხეში... ნაკვალევის შემჩნევაში კი, ჩემი აზრით სასწაულები იგულისხმება, რომლებიც ყოველდღე ძალიან ბევრი ხდება, თუმცა ამას ცოდვებისგან დაბრმავებული ადამიანები იშვიათად ვამჩნევთ...
ბოლოს კი ჩემი უსაყვარლესი ავტორის ბატონი ნოდარ დუმბაძის ციტირებით დავასრულებდი, რადგან ამ ფილმზეც და მის სიტყვებზეც ყოველთვის სასიამოვნოდ მაჟრჟოლებს, ხანდახან ცრემლიც კი მადგება თვალზე... გამოგიტყდებით და ახლაც...
"ახლა მინდა დედაშენის სადღეგრძელო დავლიო. მარტო დედაშენის კი არა, საერთოდ დედების, დედაშენის თამადობით. მე ღმერთის სადღეგრძელო მინდა დავლიო, გაწბილებული ღმერთის, დაკარგული ღმერთის, დავიწყებული ღმერთის, გაბითურებული ღმერთის. შენ იცი დედაშენი ვინ არის?! დედაშენი არის ღმერთი. შენ რომ ზიხარ და უყურებ, ისიც რომ ზის და გიყურებს. შენ რომ დედას ეძახი და ის რომ შვილს გეძახის. ამიტომ შენ გონია რომ ღმერთი არ არის?! შენ ღმერთი ვინ გგონია, წვერებიანი ბაბუა?! ღრუბლებზე ზის და პირს რომ იბანს, წვიმა მოდის?! ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ არ იცი რომ ღმერთია. ამაშია ღმერთის უბედურება. ამიტომ არ წამთ ღმერთი. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორის, ჩვენგან ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა. ამაშია საქმე!.. ღმერთი მაშინ უნდა იწამო, ღმერთის სახე რომ არ აქვს, რომ არ გავს ღმერთს, რომ არ გეუბნება ღმერთი ვარო, პურს რომ გიყოფს, სადილს რომ გიკეთებს, ტანზე რომ გაცმევს, თავზე რომ გახურავს, გიღიმის და გეფერება, გკოცნის და ტირის შენი გულისთვის, კვდება შენი გულისთვის, ცივა, წყურია, შენთან ერთად სულს აძლევს ეშმაკს შენი გულისთვის, მაშინ უნდა იწამო!!! აბა, ღმერთმა თუ სახე გიჩვენა, კედელთან მიგაყენა, ყური აგიწია და თვითონ თუ გითხრა ღმერთი ვარ და მიწამეო, მაშინ რაღად უნდა ღმერთს შენი რწმენა?! ასეთ ღმერთს შენ კი არა, ყველა იწამებს. ღმერთი მაშინ უნდა იწამო, შენ რომ გგავს, მე რომ მგავს, დედაშენს რომ ჰგავს, გასაგებია?!"
წყარო: www.sjobs.ge გააგრძელე კითხვა...
4 comments:
ფაუნის თუ ფუნის?
March 29, 2011 at 6:03 PMთუ ფლორის?
:)
რაი?! : | : | : |
April 11, 2011 at 9:35 PMwell you have nice old collection of movies. I really enjoy it
May 16, 2020 at 11:05 AMplease upload some new movies https://jamalionline.com HD movies download here on your blog
well you have nice old collection of movies. I really enjoy it
May 16, 2020 at 11:07 AMplease upload some new movies https://jamalionline.com/ HD movies download here on your blog
Post a Comment