twitter facebook გამოიწერე

Jul 24, 2010

რიმინელი გენიოსი


1920 წლის 20 იანვარს სამხრეთ იტალიის პროვინციულ ქალაქ - რიმინიში ერთი სრულიად ჩვეულებრივი ბიჭი დაიბადა. ბიჭის დედა საკმაოდ ეჭვიანი გახლდათ, რის გამოც, ოჯახში ხშირად ეწყობოდა კონფლიქტური სცენები. ამ კინკლაობებმა ბიჭზე თავისი კვალი დატოვა.

ბიჭი უცნაური იყო. სკოლაში არათუ ცუდად, საერთოდ არ სწავლობდა. მის თანაკლასელებს სიცოცხლის ბოლომდე უკვირდათ, თუ როგორ გადადიოდა ის კლასიდან კლასში. ამხანაგიც უცნაური იყოო, ამბობდნენ მისი თანაკლასელები: ”არც ცუდი, არც კარგი, რაც მთავარია, დამოუკიდებელი. არავის ემორჩილებოდა”.

ცხრა წლისა პირველად მოხვდა ცირკში, სადაც ჯამბაზებით მოიხიბლა. ამის შემდეგ თოჯინების კეთება დაიწყო, ხატავდა, კომიქსებით ერთობოდა. ერთი სიტყვით, საკუთარ ფანტაზიებში ცხოვრობდა.

18 წლის რომ გახდა, მიხვდა, რომ ”სამი წამებულის” მოედანსა და კორსო დ’ავგუსტოზე ხეტიალი მობეზრდა. აღარც ადრიატიკის სანაპირო ხიბლავდა და არც ადგილობრივი ”გრანდ-ოტელი”. ამის გააზრებისთანავე დატოვა რიმინი და რომში გადაბარგდა. წასვლისას დედას აღუთქვა, რომ უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარებდა.

- ასეც მოხდა, - იხსენებს ის მოგვიანებით, - მაგრამ ლექციებზე არ მივლია. მე ხომ დედას ამას არ შევპირებივარ? თანაც გაზეტში ვმუშაობდი..

გაზეთის გარდა ბიჭი სადაზღვეო აგენტად და ვიტრინების გამფორმებლად მუშაობდა. რამდენიმე ხელობის გამოცვლის შემდეგ კი ჟურნალისტობა გადაწყვიტა.

”ჩემი წარმოდგენა ჟურნალისტებზე ამერიკული ფილმებიდან მოდიოდა. ვიცოდი, რომ მათ დიდებული ავტომობილები და ქალები ჰყავდათ და ამიტომ ვესწრაფვოდი ჟურნალისტიკას, რათა ერთიც მიმეღო და მეორეც. თუმცა, დიდი დრო გავიდა, ვიდრე ჰონორარით თუნდაც ერთ ლაბადას ვიყიდიდი”, - იხსენებს სინანულით.

ახალგაზრდობაში ფულთან ცუდად იყო საქმე, უფრო ცუდად კი, მუსოლინის არმიასთან, რადგან ჯარში წასვლის ასაკი უწევდა, წასვლა კი პრინციპულად არ სურდა. გამოსავალსაც მალე მიაგნო: ავადმყოფობა მოიგონა, ექიმი მოისყიდა და...

და მშვიდად განაგრძო ჟურნალისტური და სხვა საქმიანობა. ამ პერიოდში მუშაობდა როგორც რადიოში, ისე ოპოზიციურ სატირულ ჟურნალ ”მარკუს ავრელიუსში სადაც მისი, როგორც სცენარისტის ნიჭი, დღითიდღე იხვეწებოდა. ამის ნათელი მაგალითი რობერტო როსელინის შეთავაზება გახლდათ. 24 წლის ახალგაზრდა ”რომი - ღია ქალაქის” გადაღებაზე დაკავდა, რობერტო როსელინი კი, გარკვეულწილად, მისი პირველი მასწავლებელი გახდა.

მოგვიანებით, ბიჭი თავის ავტობიოგრაფიაში დაწერს: ”სექსთან, სპაგეტთან და ცირკთან ერთად ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კინომ, ჩემი ცხოვრების პირველ ათწლეულში კინო ჯერ კიდევ მუნჯი იყო, მხოლოდ შემდეგ გამოჩნდა ხმოვანი სურათები. ჩარლი ჩაპლინი, ძმები მარქსები, ჰარი კუპერი, ფრედ ასტერი და ჯინჯერ როჯერსი ჩემი ცხოვრების განუყრელ ნაწილად იქცნენ.”

ჰო, მერე რა, რომ 18 წლის ასაკში დატოვა რიმინი, ადრიატიკის სანაპირო, პროვინციული ”გრანდ ოტელი”, სამი წამებულის მოედანი თუ კორსო დ’აუგუსტო. ფედერიკო ფელინიმ ხომ ეს ყველაფერი გენიალურ ”ამარკორდში” აღწერა.

გაგრძელება იქნება...

გააგრძელე კითხვა...

მსგავსი პოსტები

0 comments:

Post a Comment