Aug 16, 2010
ფელინი - რეჟისორი

ვაგრძელებთ თხრობას ფედერიკო ფელინის შესახებ. პოტის პირველ ნაწილს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.
ფელინის პირველივე სურათები - ”ვარიტეს ჩირაღდნები” (1951) და ”თეთრი შეიხი” (1952), რომელიც ცნობილ მსახიობს - რუდოლფო ვალენტინოს ეძღვნება, საინტერესო და ორიგინალური იყო, თუმცა მაშინდელ კინოსამყაროზე გავლენა არ მოუხდენია. პირველი წარმატება ”გზამ” ფულთან ერთად მოიტანა. ნინო როტას შესავალი მუსიკა მილიონობით გრამფირფიტაზე ჩაიწერა. ჟელსომინას როლის შემსრულებელ ჯულიეტა მაზინას კი ჩარლი ჩაპლინსა და ჟაკ ტატის ადარებდნენ. ფილმი ოსკარზეც წარადგინეს.
”ჯულიეტა, პროდუსერი დინო დელაურენტისი და მე გავემგზვრეთ ჰოლივუდში, სადაც ”გზამ” ოსკარი აიღო და ჩვენ ცნობილები გავხდით”.. - იხსენებს ფელინი.
ფელინის არასოდეს უყვარდა საკუთარ ფილმებზე საუბარი.
- ღმერთმანი, სურვილი არ მაქვს, - მორცხვი ღიმილით გამოუტყდა ერთ კირკიტა ჟურნალისტს.
- აბა რისი სურვილი გაქვთ? - ჩაეკითხა რეპორტიორი
- თუ სიმართლე გინდათ.. თქვენ ხომ სიმართლე გინდათ გაიგოთ? ჰოდა, გეტყვით, ყველაზე ძალიან მინდა მაკარონი.. ჩემი ცოლის მოხარშული მაკარონი. მხოლოდ ჯულიეტამ იცის მისი ასე გემრიელად მომზადება. მიირღმევ მთელს თეფშს და ძილს მიეცემი.
”კაბირიას ღამეებმა” (1957) ”გზის” მიერ მოტანილი წარმატება განამტკიცა, ხოლო ”ტკბილმა ცხოვრებამ” მსოფლიოს წამყვან კინორეჟისორებში მიუჩინა ადგილი. ამ უკანასკნელს ფელინი თავის საუკეთესო ნამუშევრად მიიჩნევდა. სწორედ ”დოლჩე ვიტაში” გადაიღო პირველად მარჩელო მასტროიანი, რომელთანაც სამუდამო მეგობრობა აკავშირებდა.
1963 წელს ფელინიმ ”რვანახევარი” გადაიღო. მთავარი გმირის როლში რეჟისორი თავიდან ჩარლი ჩაპლინის, შემდეგ ლორენს ოლივიეს გადაღებას გეგმავდა, თუმცა, საბოლოოდ, არჩევანი მარჩელო მასტროიანიზე შეაჩერა და არც შემცდარა. მასტროიანიმ ზუსტად ”მოარტყა”. ფილმმა ორი ოსკარი და მოსკოვის ფესტივალის პირველი პრიზი დაიმსახურა.
მოსკოვის პრემიას სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. საბჭოთა კავშირის კულტურის მინისტრმა - ფურცევამ, ფილმი ამორალურად მიიჩნია. ცეკას კულტურის ემისრები შეძრწუნდნენ ფილმის უჩვეულო ინდივიდუალიზმით და დიხანს ცდილობდნენ ჟიურიზე ზეწოლის მოხდენას, მაგრამ ჟიურიმ არ დათმო. პირველი პრემია ფელინის მიანიჭეს, ცოტა არ იყოს, იეზიტური ფორმულირებით: ”დიდი შემოქმედებითი, რეჟისორული ნამუშევრისთვის, სადაც ასახულია მხატვრის შინაგანი ბრძოლა სიმართლის ძიებისათვის”.
ამ გამარჯვებით აღფრთოვანებულმა მოსკოველმა კინომოყვარულებმა ფელინი ხელში აიტაცეს, ხოლო ზეიმის მონაწილე იური გაგარინმა მოასწრო და ყურში ჩასჩურჩულა: ”თქვენი ფილმი ჩემთვის კოსმოსზე უფრო იდუმალია”.
”რვანახევარი” შესყიდული იყო და საბჭოთა ეკრანებზე ის აუცილებლად უნდა გაეშვათ, თუმცა რიგითმა მაყურებელმა ვერა და ვერ იხილა. მას მხოლოდ დახურულ დარბაზებში აჩვენებდნენ. ასეთი იყო საბჭოთა სინამდვილე.
გააგრძელე კითხვა...
0 comments:
Post a Comment